''ოცნების" თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის — თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იგი მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი კი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, მოეწყობა ველობილიკი, განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED ლამპიონები. მარჯანიშვილის მოედანზე ასევე განახლდება გამწვანების კუნძულები და მთლიანი ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება.
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია შექმნას მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ათეულ წლებს გაუძლებს. დედაქალაქის მერმა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში.
